ირაკლი კობახიძე - დასავლეთის მხრიდან რუსეთში თუ რამეა დასანქცირებული, ეს არის სახელმწიფო და მისი ბიუჯეტი, ელენე ხოშტარია სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მუდმივად მილიონობით რუსულ რუბლს
ირაკლი კობახიძე - დასავლეთის მხრიდან რუსეთში თუ რამეა დასანქცირებული, ეს არის სახელმწიფო და მისი ბიუჯეტი, ელენე ხოშტარია სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მუდმივად მილიონობით რუსულ რუბლს

ვინ იყო გუშინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი? ეს არის ელენე ხოშტარია. თუ რამეა დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან რუსეთში, ეს, პირველ რიგში, თვითონ სახელმწიფოა და მისი ბიუჯეტი. ელენე ხოშტარია, რომელიც თითქოს აღგზნებული და აღელვებული იყო იმის გამო, რომ ვიღაც იყო ჩამოსული საქართველოში, სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მუდმივად მილიონობით რუსულ რუბლს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ გუშინდელი მოვლენებია რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე.

„ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ სამი წელი არ იყო გასული ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციიდან, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, სამი წელიც არ იყო გასული, რაც დაიღუპა ამ ოკუპაციის გამო რუსული სამხედრო აგრესიის გამო 500 ქართველი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად და აქედან სამი წელიც არ იყო გასული, როდესაც სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, რომელიც გამოირჩევა რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობით. ეს არის მათი მორალური სახე დღეს. იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ, აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ესკალაცია, ეს არის ქვეყანაში არეულობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას, მინდა, მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდნენ ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცენ“, – განაცხადა კობახიძემ.