ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, რომ კონსულტაციები წარმატებით დასრულდება და შედგება მრავალპარტიული პარლამენტი
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, რაც არასწორი და სამწუხარო ფაქტია.
მისივე თქმით, დარწმუნებული არიან, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები წარმატებით დასრულდება და მრავალპარტიული პარლამენტი შედგება.
„ზუსტად იგივე გააკეთეს მათ 2016 წელსაც, არ მიიღეს მონაწილეობა მეორე ტურში, ახლაც იგივე მეორდება, რაც თამამად შეიძლება ითქვას, არის არასწორი და სამწუხარო მოვლენა. რაც შეეხება ბოიკოტს, კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და პრინციპში, დარწმუნებულიც ვართ, რომ ეს კონსულტაციები წარმატებით დასრულდება და შედგება მრავალპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მეორე ტურისთვის კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ქმედება მარტივი სპეკულაცია ან რაკომპეტენტურობაა.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველი ტურის დროს, საჩივრების თითქმის 99 პროცენტი არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო შეტანილი.
„როგოც ჩანს, მათ (ოპოზიციამ) აქაც ვერ ჩახედეს საარჩევნო კოდექსს, იგივე საჩივრების შეტანის დროს, როგორც მოგეხსენებათ, საჩივრების თითქმის 99 პროცენტი, რაც მათ შეიტანეს პირველი ტურის დროს, იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო შეტანილი. ეს ეხება პარტიების მიერ შეტანილ საჩივრებს. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე, არ ვიცი, ეს არაკომპეტენტურობაა, თუ რაღაც შეგნებული ნაბიჯი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მეორე ტურისთვის კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, მარტივი სპეკულაციაა, რასაც ისინი მიმართავენ. ან საარჩევნო კოდექსი ვერ წაიკითხეს ან არის საარჩევნო სპეკულაცია, რასაც ისინი მიმართავენ.
ყველა ოლქში მონაწილეობს ორი კანდიდატი, ეს არის „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის კანდიდატი. რაც შეეხება საბჭოთა წარსულს, საბჭოთა წარსულს გვაგონებს მათი ნაბიჯები, რაც გადადგეს 2016 წლის მეორე ტურში და რაც გადადგეს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. როგორც ამერიკელები ამბობენ, ეს არის ნანახი კინო და იმედია, რომ 2024 წელსაც იგივე კინოს არ ანახებენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.