ირაკლი კობახიძე - გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკით შესაძლებელი იქნება ქართველების ოცნების ახდენა, საქართველო იქნება ერთიანი სახელმწიფო
ირაკლი კობახიძე - გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკით შესაძლებელი იქნება ქართველების ოცნების ახდენა, საქართველო იქნება ერთიანი სახელმწიფო

გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება საქართველოს, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელიწადი იყო განსაკუთრებით რთული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამ ოთხი წლის წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ბრძოლა გადავიტანეთ, რათა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და განგვემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ეს ბრძოლა იყო ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვივლით მყარად, სწორი მიმართულებით, კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და შევინარჩუნებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს განვითარების აუცილებელი პირობა.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ოცნებები და მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და ამ თვალსაზრისითაც სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ გერმანიაში. გერმანია არის სწორედ იმის სიმბოლო, როგორ შეიძლება, მოთმინებით გაამთლიანო საკუთარი ქვეყანა. მოთმინებით ელოდებოდა ათწლეულების განმავლობაში გერმანია გაერთიანებას, გამთლიანებას და, საბოლოო ჯამში, 1989 წელს გერმანელებს ეს ოცნება აუხდათ. ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება საქართველოს, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.