ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის  განვითარება
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის  განვითარება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება. პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა, რომლის ფარგლებში კიშინიოვში საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოველ კოლეგასთან, ანდრიან კანდუსთან და პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ასევე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში,  დელეგაციების ხელმძღვანელთა შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.

„სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან, გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ჩვენ მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობასთან და უსაფრთხოების საკითხებთან, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისთვის. იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.