ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვალია, თეა წულუკიანს მოვუსმინოთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვალია, თეა წულუკიანს მოვუსმინოთ

საკადრო ცვლილებები მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვისმინოთ, რას იტყვის პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუნდში ჯერ საუბარი არ ყოფილა.

„ჯერჯერობით, ჩვენ არ გვქონია ამ საკითხზე საუბარი, თუმცა უახლოეს დღეებში აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, არის თუ არა წულუკიანის განცხადება ულტიმატუმის ენით საუბარი, ირაკლი კობახიძე კომენტარისგან თავს იკავებს.

„ვინაიდან არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, თავს შევიკავებ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან. თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის ძალიან ღირებული წევრია, ის არის მინისტრი 2012 წლიდან, შესაბამისად ბუნებრივია, ჩვენი ვალია, მას მოვუსმინოთ და რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში წარიმართება პროცესი. ალბათ იქნება კომუნიკაცია უპირველესად პრემიერსა და მინისტრს შორის, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს არის არსებითად პრემიერის გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, პენიტენციური და იუსტიციის სისტემების გაერთიანება იყო თუ არა კარგი გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ეს ერთიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი იყო.

„ეს იყო ერთიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. ორჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროების გამსხვილების თაობაზე. ეს იყო კონცეფციის შემადგენელი ნაწილი. ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავაკვირდეთ პროცესებს სამინისტროებში. შეიძლება, გარკვეული გადაწყვეტილებები გადაისინჯოს. ვნახოთ,  ამაზეც უნდა გვქონდეს კონსულტაციები მთავრობასთან. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე თუ გაირკვა, რომ რამე სახის რეორგანიზაციის საჭიროებაა, ამაზეც ვიმსჯელებთ მთავრობა და პარლამენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თუ იქნება მთავრობის ინიციატივა რეორგანიზაციაზე, პარლამენტი მას განიხილავს.

„თუ იქნება მთავრობისა და პრემიერის ინიციატივა, მხოლოდ მთავრობის ინიციატივას განიხილავს პარლამენტი მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია.  „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ გაზიარდება, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთი წუთი და გვერდზე გავიწევი“, –განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, დღეს ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, საკითხი, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება.