გია ვოლსკი - არსებული ინფორმაციით, საკითხი, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება
გია ვოლსკი - არსებული ინფორმაციით, საკითხი, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არსებული ინფორმაციით, თემა, რომელზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება.

გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტს ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რღვევის პროცესი არ არის.

„ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც საუბრობს,  საზოგადოების საყურადღებოდაა გამოტანილი. თემასთან დაკავშირებით არაფერს მალავს, მთავრობაში ღიად საუბრობს, რაც მისასალმებელია. პარლამენტს ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. არსებული ინფორმაციით, ეს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება. ეს არ არის რღვევის პროცესი, რღვევა სულ სხვა რამეა. ჩვენთან არის აზრთა სხვადასხვაობა, საკითხებზე დაპირისპირება. უმრავლესობიდან წევრების გასვლა რეალურია და სახეზეა, მაგრამ სიტყვა რღვევა საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია.  „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა წულუკიანმა.