ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინელ მეგობრებს, უკრაინას ვუსურვებთ ტერიტორიულ მთლიანობას
ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინელ მეგობრებს, უკრაინას ვუსურვებთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ომის დაწყების ორი წლისთავთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ ისაუბრა იმ დახმარებაზე, რაც საქართველომ უკრაინას ომის დაწყებიდან გაუწია.
„ძალიან მძიმეა შედეგები, რომლებიც მოიტანა ომმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა. განსაკუთრებით მძიმეა შედეგები ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. რთული ვითარებაა უკრაინაში, დღეს რუსეთს ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს უკრაინაში ოკუპირებული, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა. უამრავი ლტოლვილი, დევნილია – 40 მილიონიდან დაახლოებით ათი მილიონი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილადაა ქცეული. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უკრაინას უმძიმესი პრობლემები აქვს ეკონომიკური კუთხით. 2022 წელს 30 პროცენტით შემცირდა უკრაინის ეკონომიკა, მსხვერპლი არის ძალიან დიდი. ეს არის უმძიმესი ვითარება, რომელიც უკრაინაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის, ისტორიული მეგობრობიდან გამომდინარე, რომელიც ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის არის ჩამოყალიბებული. ჩვენ 600-ზე მეტ აქტს, რეზოლუციას, განცხადებას, პოლიტიკურ აქტს დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას. გარდა ამისა, ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი იყო საკმაოდ დიდი, ესაა ჩვენი დამოკიდებულება. იმედი გვაქვს, მალე დამთავრდება ომი. უკრაინას ვუსურვებთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ესაა ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ. როგორ დასრულდება ომი, ამ საკითხზე საუბარი დღეს უჭირს ყველას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ევროპელ პარტნიორებთანაც გვქონდა ამ თემაზე საუბარი ბრიუსელში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.