ირაკლი კობახიძე - ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ
გვინდა, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს კოლეგებთან ევროკომისიაში და სხვა უწყებებში, რათა მოხდეს საერთო დღის წესრიგის განხორციელება, გადასვლა ახალ ეტაპებზე. ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოში წარმატებული რეფორმები ხორციელდება.
„ჩვენ ვახორციელებთ გეგმას, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის სამოქმედო გეგმაშია ასახული. ევროსაბჭოს სხდომაზე ესეც იქნა განხილული. გვინდა, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს კოლეგებთან ევროკომისიაში და სხვა უწყებებში, რათა მოხდეს საერთო დღის წესრიგის განხორციელება, გადასვლა შემდეგ, ახალ ეტაპებზე. ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ერთიან ბაზარზე სრული წვდომა, რათა მოხდეს სრული და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისება. საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გამოსვლა პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდა ძალიან დიდი წინსვლა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დაუბრუნდა იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. წარმატებული რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში. ეს ზრდის ქვეყნის მედეგობას, გამძლეობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამ კონტექსტში, მივესალმებით პრიორიტეტების შესახებ გეგმას, რომელიც განსაზღვრული, განხილული იქნა დღევანდელ სხდომაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის უფრო მჭიდრო პროცესს გულისხმობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო სანდო მოკავშირე და პარტნიორია რეგიონში.
„მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, სტაბილურობა, მშვიდობა, დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას, რათა თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მივესალმებით ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას კავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობა და მიმდინარე ოკუპაციის შედეგები. ამ კონტექსტში, მინდა, დავადასტურო ჩვენი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირების პროცესში ევროკავშირის მიერ თავისი ინსტრუმენტების საშუალებით შეტანილი ღირებული წვლილისთვის. საქართველოში ევროკავშირის მნიშვნელოვანი ყოფნა არის ადგილზე მშვიდობის ძლიერი გარანტია. დარწმუნებული ვარ, მშვიდობა მოგვცემს შესაძლებლობას, გვქონდეს მეტი სტაბილურობა, პროგრესი საქართველოში, რეგიონში და ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას მთელი ევროპის კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.