ირაკლი კობახიძე - ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ იქნება აბსოლუტურად ურყევი, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯზე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ იქნება აბსოლუტურად ურყევი, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯზე

მას შემდეგ, რაც უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, ხელისუფლების წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, მივლენ თუ არა დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთერში მოისმენენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას.

მისივე თქმით, საქართველოს თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ იქნება ურყევი და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯზე.

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გადადგა სრულიად ალოგიკური ნაბიჯი, ჩვენ აღარ გვინდა ამ კრიტიკის გაგრძელება გასაგები მიზეზების გამო. უკრაინაში არის სამხედრო კონფლიქტი, ომი და შესაბამისად, კრიტიკაში ჩვენ ვერ შევალთ და არ შევალთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ასეთი სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება აქციაზე. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი უკრაინელების მიმართ ჩვენ მხარეს არის გულწრფელი, ნაცვლად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისა, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს იქ იდგებიან, ამის მიუხედავად, ჩვენ იქ ვერ მივალთ, ამ ერთი მარტივი მიზეზის გამო. წყენაზე არ არის საუბარი, როდესაც ალოგიკური ნაბიჯია გადადგმული, ჩვენ ხო ვერ ჩავეძიებით? რა მნიშვნელობა აქვს ახლა, არახამიაა იქ, ადეიშვილი, სააკაშვილი, თუ რა არის მიზეზი. როდესაც სახელმწიფოს მიმართ გადაიდგმება ალოგიკური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამას რეაქცია უნდა ჰქონდეს. აქ მარტივად არის საქმე. ჩვენ ნაწყენი ვერ ვიქნებით იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც არის ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ „უკრაინის პრეზიდენტის გარდა, სანქციებზე საუბრობდნენ სხვებიც, მათ შორის ევროპარლამენტარები, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლება შეერთებოდა სანქციებს“, რაზეც ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ვინ არის ეს სხვები. არის ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება და სამწუხაროდ, ამის ნაწილი იყო ის ალოგიკური ქმედება, რომელიც განხორციელდა. მე არ მგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ამ ტვიტისთვის და განცხადებისთვის. იქ არიან გარკვეული ძალები, რომლებიც კოორდინაციაში არიან და ამის შედეგი იყო საბოლოო ჯამში ეს ალოგიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა. ეს არის ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება. ვინ არიან ეს ადამიანები, გვარებით ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ეს არის კოორდინაცია, ერთი და იგივე სახელი-გვარები. საზოგადოებასაც მობეზრდა ეს, რადგან ყველა თემასთან დაკავშირებით ერთი და იგივე სახელები და გვარები ესმის“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, თანაგრძნობა და გვერდში დგომა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ არის ის პოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან იქნება ურყევი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მთავარი არის, რომ დღეს უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, მათ შორის მისი ხელისუფლება არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება, გამოვხატოთ ეს არის თანაგრძნობა და გვერდში დგომა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ის პოზიცია, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება ურყევი და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯზე. ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ იქნება აბსოლუტურად ურყევი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, უნდა კეთდებოდეს თუ არა პოლიტიკური განცხადებები აქციებზე, კობახიძემ განაცხადა, რომ „ამის ინტერესი აქვთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციას ორგანიზებას უწევენ“.

„რამდენიმე დღის წინ, მაგალითად, „ევროპულმა საქართველომ“ აღიარა, რომ ისინი არიან ორგანიზატორები, მერე არ უშვებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. კომიკური ამბები ხდება იქ, ანუ ორგანიზატორები არიან და ჰქონდათ გარკვეული მცდელობა, ეს აქცია პოლიტიკურში გადაეყვანათ, თუმცა თავადვე ვერ გაბედეს, გამომდინარე იქიდან, რომ დაინახეს, ეს არ აწყობთ. როგორც კი გადაიზრდება ეს ყველაფერი პოლიტიკურ გზავნილებში, ძალიან მალე შემცირდება ადამიანების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, შუაში არიან გაჭედილი. რა თქმა უნდა, ჩვენ თანავუგრძნობთ ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც დღეს გულწრფელად დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. საქმე ეხება კონკრეტული სახელმწიფოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ეს გულშემატკივრობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების მხრიდან, არის ძალიან გულწრფელი და ბუნებრივია, ჩვენ ვართ ამის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.