ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, აქტიურად ვიმუშაოთ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელიც კორუფციის კუთხით არსებობს
ჩვენი ამოცანაა, აქტიურად ვიმუშაოთ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელიც კორუფციის კუთხით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (Transparency International) კორუფციის აღქმის ყოველწლიურ ინდექსთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, კრიტიკა არის საფუძველი იმისა, რომ გაუმჯობესდეს სფეროები, რომელიც ამას საჭიროებს.
„უნდა ჩავიხედოთ, რას ეფუძნება კვლევა. ჩვენთვის მთავარია, აღმოიფხვრას პრობლემები, რაც არის. რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის სირთულეები, პრობლემები, გამოწვევები და ჩვენი ამოცანაა, ამაზე აქტიურად ვიმუშაოთ. შესაბამისად, არც კრიტიკას შევუშინდებით თუ მას საფუძველი აქვს. პირიქით, კრიტიკა არის საფუძველი, გავაუმჯობესოთ სფეროები, სადაც გვჭირდება გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ყოველწლიურ ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზეა. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, რომელსაც წელს ყველაზე მეტად უნდა დააკვირდნენ. საქართველო ინდექსში ხუთი საფეხურით დაწინაურდა.