„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო ხუთი საფეხურით დაწინაურდა და 41-ე ადგილზეა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო ხუთი საფეხურით დაწინაურდა და 41-ე ადგილზეა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (Transparency International) კორუფციის აღქმის ყოველწლიურ ინდექსში საქართველო ხუთი საფეხურით დაწინაურდა და 41-ე ადგილზეა.

კვლევის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ლიდერია.

2018 წელს ქვეყანამ უმაღლესი 100 ქულიდან 58 მიიღო, რაც 2017 წლის შედეგებთან შედარებით, ორი ქულით მეტია. 41-ე პოზიციაზე საქართველოსთან ერთად არის ლატვია, ესპანეთი და სენტ ვინსენტი და გრენადინები. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, რომელსაც წელს ყველაზე მეტად უნდა დააკვირდნენ.

„58 ქულით საქართველომ, შარშანდელთან შედარებით, ორი ქულით წინ წაიწია, თუმცა დღეს ქვეყანა დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს აჩენს. ეს განპირობებულია სამართალდამცავების ანგარიშვალდებულების სიმცირით, კორუფციით და პოლიტიკური ჩარევებით სასამართლოში, სახელმწიფოს მხრიდან მიტაცებით და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოებაზე. მიუხედავად მთავრობაში კორუფციისა და დარღვევების შემთხვევების გამოძიების საჭიროებისა, საქართველომ ვერ მოახერხა, შეექმნა დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ამ ფუნქციას განახორციელებდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შეფასებაში.

ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და დაუჭიროს მხარი სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურ ჩართულობასა და საზოგადოებრივ ზედამხედველობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თანახმად, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს შორის 2018 წლის კვლევაში ლიდერობენ დანია (88 ქულით), ახალი ზელანდია (87) და ფინეთი (85). კორუმპირებულ ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი 152-ე ადგილზე და რუსეთი 138-ე პოზიციაზე.