ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი სამუშაო პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ცხრა საკითხის მოწესრიგებასთან, პროცესში ჩართვაზე მზაობის შემთხვევაში, ოპოზიციისთვის კარი ღია იქნება
ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი სამუშაო პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ცხრა საკითხის მოწესრიგებასთან. თუ იქნება ოპოზიციის მხრიდან მზაობა, ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათთვის კარი იქნება ღია. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება შეთავაზება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ანგარიშს გაუწევენ ევროკავშირის მოწოდებას, რომ მაქსიმალურად ყველა პარტია იყოს ჩართული სამუშაო პროცესში.
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია, შევქმნათ სამუშაო ჯგუფები, მათ შორის ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება სწორედ იმას, რომ უნდა არსებობდეს ფორმატები, სადაც ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი. ჩვენი მხრიდან იყო აბსოლუტური ღიაობა თავის დროზე, როცა დავიწყეთ მუშაობა 12 პუნქტთან დაკავშირებით, ახლაც არის აბსოლუტური ღიაობა. თუმცა, მაშინ გახსოვთ, რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთო სამუშაო ჯგუფებში და აქედან გამომდინარე, დღეს გვაქვს პესიმისტური განწყობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი სამუშაო პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ ცხრა საკითხის მოწესრიგებასთან. თუ იქნება ოპოზიციის მხრიდან მზაობა, ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათთვის კარი იქნება ღია, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება შეთავაზება. ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს, რომ მაქსიმალურად ყველა პარტია ჩავრთოთ სამუშაო პროცესში. ამას ანგარიშს გავუწევთ. როგორც გავუწიეთ ანგარიში წინა შემთხვევაში 12 პუნქტთან დაკავშირებით, აქაც ევროკომისიის ამ მოწოდებას ანგარიშს გავუწევთ და კარი გაიხსნება. დანარჩენი ოპოზიციის საქმეა. როდესაც ევროკომისია გეუბნება, რომ შენ უნდა ჩაერთო სამუშაო პროცესებში და ამის მიუხედავად ამბობ, რომ არ აპირებ სამუშაო პროცესებში ჩართვას, აქედან ჩანს, როგორია მათი დამოკიდებულება ევროკავშირის, ევროკომისიის მიმართ. ჩანს მათი დამოკიდებულება ვეროკავშირის და, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. აბსოლუტურად ყალბია მათი ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია თითქოს ევროინტეგრაციის საკითხებთან. სინამდვილეში, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა ევროკომისიის გადაწყვეტილება საპირისპირო მიმართულებით მიდის. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი სამომავლოდაც ანალოგიური მიდგომით გააგრძელებენ მუშაობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.