ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, სამწუხაროდ, მათი ხელისუფლების პოზიცია არ გვიტოვებს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, რაც სამწუხაროა
სამწუხარო ვითარება არის ჩამოყალიბებული. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯები არის პირდაპირ მიმართული, მათ შორის უკრაინელი ხალხის სუბიექტური ნების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, შექმნილი ვითარება ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ ტოვებს.
„როდესაც ისინი ქართველ ხალხს, საქართველოს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ, როდესაც სრულიად სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს, აწამებს და ა.შ. როდესაც ასეთი ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებენ უმაღლეს დონეზე მეორე ფრონტისკენ, ასეთ პირობებში ოფიციალური ფორმატით ვიზიტი არის წარმოუდგენელი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ეს არის არა მარტო სიტყვით გამოხატული, არამედ კონკრეტული ქმედებებით, კონკრეტული მხარდაჭერის აქტებით. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, ეს პოზიცია არ გვიტოვებს ჩვენ ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.