ირაკლი კობახიძე - ჩვენ პირნათლად ვიმოქმედეთ თითოეულ პუნქტთან მიმართებით და შესრულების ნაწილში კონკრეტული ფაქტები გვაქვს, რაზეც საზოგადოება ინფორმირებულია
„ედისონ რისერჩი“ შეიძლება, სხვა რაღაცებსაც ფიქრობდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არჩევნებზე სხვა შედეგი დგებოდა ხოლმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენელმა კობახიძეს შემდეგი კითხვით მიმართა: „„ედისონ რისერჩის“ კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. როგორ შეაფასებდით ამ კვლევის შედეგებს?“
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა პირნათლად იმოქმედა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პუნქტების შესრულების კუთხით, რაზეც საზოგადოებაც არის ინფორმირებული.
„რაც შეეხება საკითხს, რამდენად კეთდება საკმარისი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები. 12 პუნქტის შესრულების ნაწილში ჩვენ პირნათლად ვიმოქმედეთ თითოეულ პუნქტთან მიმართებით. ეს არის ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოება არის ინფორმირებული. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირება გაგრძელდება. „ედისონ რისერჩის“ შეფასებაში მე ვერ შევალ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.