ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევის საშუალება
გასული წლის 24 თებერვლიდან ამ ადამიანებმა არაერთხელ სცადეს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი – ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ამის საბოლოო მიზანი კი არის მეორე ფრონტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
კობახიძის თქმით, ამ ყველაფერზე კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობენ.
„ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა, ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რაც არის მათი საბოლოო მიზანი. ამის საშუალებას ჩვენ მათ, ბუნებრივია, არ მივცემთ. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის დარღვევის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, უნდა შეიკრიბონ, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი ურყევი ნება ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობასთან, ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით არასდროს გადაიხედება.