ირაკლი კობახიძე - ჩემი ინფორმაციით, დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩად წარდგინება საკმაოდ დიდი ხნის წინ გაკეთდა, ომის დაწყებამდეც კი იყო უკვე გადაწყვეტილება მიღებული
ირაკლი კობახიძე - ჩემი ინფორმაციით, დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩად წარდგინება საკმაოდ დიდი ხნის წინ გაკეთდა, ომის დაწყებამდეც კი იყო უკვე გადაწყვეტილება მიღებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩად დანიშვნა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი, ამიტომ ზალკალიანის პოსტის ცვლილებას უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან კავშირი არ აქვს.

კობახიძის თქმით, დავით ზალკალიანთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩობის შესახებ წარდგინება დიდი ხნის წინ მომზაადა.

„ჩემი ინფორმაციით, დავით ზალკალიანთან დაკავშირებით წარდგინება საკმაოდ დიდი ხნის გაკეთებულია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უფრო ადრე, ვიდრე საჯაროდ გახდა ამის შესახებ ცნობილი, ამას მოჰყვა მთელი რიგი სპეკულაციები. ომის დაწყებამდეც კი იყო უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული. აქედან გამომდინარე, ამ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს შესაბამის საკადრო გადაადგილებას. რაც შეეხება აშშ-ში ელჩის თანამდებობის დაკავებას, ვფიქრობ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება ეს, როგორც დაქვეითება. ეს არის პრაქტიკულად თანაბარი რანგის და პასუხისმგელობით დატვირთული პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნა თანამდებობრივი დაქვეითება არ არის.

„მინდა მივულოცო ილია დარჩიაშვილს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა, ის არის გამორჩეული პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, საქმის მცოდნე, მას აქვს სერიოზული დიპლომატიური გამოცდილება, ასევე მუშაობდა საჯარო სამსახურში. მართლაც გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, დავით ზალკალიანს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას აშშ-ში ელჩის პოზიციაზე, რაც არის არანაკლებ საპასუხისმგებლო პოზიცია, რადგან აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. როგორც ილიას, ასევე დავით ზალკალიანს წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს პრემერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილმა შეცვალა, ხოლო ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.