ირაკლი კობახიძე - ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ
ირაკლი კობახიძე - ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ

ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ. ცესკო იქნება 17 წევრით დაკომპლექტებული, სადაც ოპოზიციას რვა წარმომადგენელი ეყოლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის გარანტიას იძლევა, რომ არჩევნები ჩატარდეს სათანადო ადმინისტრირებით.

„ყველას შეუძლია, არჩევნებს დააკვირდეს. 31 ოქტომბრის არჩევნები შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ სისტემურ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია. ყველას შეუძლია, თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდნენ. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, თვითმმართველობის არჩევნები ბევრად მშვიდ ვითარებაში ჩატარდება, ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა, ვითარების პოლარიზებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდრიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.

ამასთან, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.