ირაკლი კობახიძე - ცალსახად შემიძლიათ გითხრათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 78-ე მუხლის არც ამოღებას და არც მასში ჩასწორებას არ გულისხმობს
ირაკლი კობახიძე - ცალსახად შემიძლიათ გითხრათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 78-ე მუხლის არც ამოღებას და არც მასში ჩასწორებას არ გულისხმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას და არც ამ მუხლში ჩასწორებას არ გულისხმობს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერს ჰკითხეს, „რატომ სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, ჩამოთვლილ მიზეზებში მეოთხე მიზეზი არ გაქვთ დაკონკრეტებული და გაჩნდა ეჭვები, რომ შესაძლოა, კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოღებას აპირებთ“,

„ამაზე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 78-ე მუხლის ამოღება არ იგულისხმება, არც შესწორება ამ მუხლში არ იგულისხმება, სხვა რამ იგულისხმება, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა მმართველობითი სისტემის შეცვლა, პრემიერმა თქვა, რომ სხვა თემებზე კომენტარს არ გააკეთებს“.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არის კონკრეტული საკითხი, რაზეც გვინდა, რომ წარმატებით დავასრულოთ კონსულტაციები, როგორც კი კონსულტაციები დასრულდება, მაშინვე გავაკეთებთ კონკრეტულ კომენტარს ამ თემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.