დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა.
მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა.
„სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ ოთხი მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არც ერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები.
დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების – პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგნენ ქართული საზოგადოება, ექიმები და ხელისუფლება, მეორე მხარე კი, კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები.
„ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების“ კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით.
დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.