ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და მასზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში საუბარი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და მასზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში საუბარი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში როდესაც არის საუბარი, რასაც ამბობენ, მაგალითად, ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები, ეს ფეიკკამპანიის ჩვეულებრივი გაგრძელებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და მასზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში საუბარი საქართველოს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

„არ ვიცი, რა კონტექსტში იყო გაჟღერებული ბიძინა ივანიშვილის სახელი. ქალბატონმა შაჰინმა თუ გაიხსენა ის, რომ 2012 წელს საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა და მას ქართველი ხალხის სასარგებლოდ სამი მილიარდის ქველმოქმედება აქვს გაწეული, მაშინ მისასალმებელია. თუ დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში იყო გაჟღერებული, მაშინ ეს არის გაგრძელება იმის, რა განცხადებაც გაკეთდა იმავე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, რასაც ამბობენ, მაგალითად, ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები, ეს ფეიკკამპანიის ჩვეულებრივი გაგრძელებაა. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და როდესაც ასეთ დროს საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, ეს, უბრალოდ, არის თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.