ირაკლი კობახიძე - ბაკურიანში ღონისძიებაზე ე.წ ტირანიის დასრულება განიხილებოდა, წარუმატებლები არიან, რადგან გეგმავენ ტირანიის დამხობას, რომელიც არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - ბაკურიანში ღონისძიებაზე ე.წ ტირანიის დასრულება განიხილებოდა, წარუმატებლები არიან, რადგან გეგმავენ ტირანიის დამხობას, რომელიც არ არსებობს

ჩვენ არ გვაქვს ეჭვი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო ბაკურიანის შეკრებაზე წარმოდგენილი და რას განიხილავდნენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, „თუ რა უჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ბაკურიანში შესაძლებელია, საუბარი ყოფილიყო ხელისუფლების გადატრიალებაზე“. ამასთან, კობახიძეს ჰკითხეს, რომ „ბევრი გამოძიება დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით, თუმცა ბოლომდე არც ერთი მისულა“.

როგორც ირაკლი კობახიძემ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია სამართლებრივ სტანდარტებზე.

„არის შემთხვევები, ჩვენ ვიცით, მაგალითად, რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნის მოღალატეები, მაგრამ ღალატის სტანდარტი სამართლებრივად არის განსხვავებული. ხშირად ამ კითხვას სვამენ ხოლმე საზოგადოების წარმომადგენლები. თუ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რატომ არ ისჯებიან ღალატის გამო. ერთი მარტივი მიზეზის გამო. მიზეზი ის არის, რომ ღალატის სამართლებრივი სტანდარტი არის სხვა და ღალატის პოლიტიკური შეფასება – სხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩატარებული იყო კონკრეტული ღონისძიება, რომელზეც განიხილებოდა ე.წ ტირანიის დასრულება. ეს არის თავისთავად ძალიან ღიმილის მომგვრელი მოვლენა. იმიტომ ვერ არიან წარმატებულები, რომ გეგმავენ ტირანიის დამხობას, რომელიც არ არსებობს. ნუ თვითონ ტრენინგის შინაარსი არის აცდენილი სინამდვილესთან, ამიტომ არიან წარუმატებლები ყველა მცდელობაში, რომ რამენაირად გადაატრიალონ ხელისუფლება. ამას ვერ გააკეთებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, სადაც არ არის ტირანი, იქ ტირანიას ვერ დაასრულებენ.

რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების პრეროგატივა და თუ ამ პოლიტიკურ დანაშაულში ამოკითხული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, გამოძიებაც შეიძლება, დაიწყოს, თუმცა ეს არ არის ჩემი პრეროგატივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.