ირაკლი კობახიძე - ბაკურიანის შეკრებაზე ჰქონდათ საუბარი, რომ ივნისში საქართველოს როცა არ მიენიჭება სტატუსი, მოქმედებაში უნდა მოეყვანათ რევოლუციური გეგმა, იგივე გაამხილა ზურა ჯაფარიძემ დეკემბერთან მიმართებით
ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ ვითარებაში რისკები არის მაღალი. ამ მაღალი რისკების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმის იმედი, რომ ჩვენთვის დაიბლოკება კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად, ყოველგვარი 12 პუნქტისგან დამოუკიდებლად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის გეგმები აწყობილია იმაზე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ რევოლუციური სცენარის განხორციელება შესაძლებელი გახდეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანის ცნობილ შეკრებაზე ტრენინგი სწორედ რევოლუციის შესახებ ჩატარდა, ხოლო რადიკალებს რომ იგივე გეგმა აქვთ დეკემბრისთვის, რაც გასული წლის ივნისისთვის ჰქონდათ, ზურაბ ჯაფარიძემ გაამხილა.
„შეგახსენებთ, ბაკურიანში როდესაც გაიმართა ცნობილი შეკრება, ეს იყო მალევე, როცა ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი, მაშინ ტრენინგი ჩაუტარეს რევოლუციაში, ამერიკელი ექსპერტი ჰყავდათ ჩამოყვანილი. გეგმავდნენ რევოლუციას და პირდაპირ საუბარი ჰქონდათ შემდეგზე: არავითარი „თუ“, ივნისში როცა საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში რევოლუციური გეგმა. პირდაპირ ამაზე იყო საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე, იგივე გეგმა გაამხილა, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახლა უკვე დეკემბერთან მიმართებით.
რადიკალური ოპოზიციის მთელი გეგმები არის აწყობილი იმაზე, რომ ჩვენ დეკემბერში არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. არამარტო გეგმები, თავიდან ბოლომდე მუშაობენ ამაზე, რომ საქართველოს არ მიენიჭოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, რომ ეს შემდეგ რევოლუციური პროცესებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ .
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სიმყარე აჩვენოს, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს უფრო გაზრდის.
როგორც კობახიძემ განმარტა, გლობალური ომის პარტია თუ დაინახავს, რომ საზოგადოება მერყეობს და იმის მცირე შანსი მაინც არსებობს, სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში რევოლუცია მოხდეს, ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები მცირდება.
„მთავარია, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლება და, პირველ რიგში, საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში ასეთი მდგომარეობით მივალთ, როგორიც დღეს არის. დღეს ხელისუფლება, საზოგადოება არის მყარად, სათანადო პოზიციებზე, ამ მდგომარეობას თუ შევინარჩუნებთ, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მაღალი იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი. გლობალური ომის პარტია თუ დაინახავს მცირე მერყეობას მაინც და დაინახავს იმის შანსს, რომ არმინიჭების შემთხვევაში მოხდეს ამ ქვეყანაში რევოლუცია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შანსები მცირდება. ამიტომ მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სიმყარე და ეს აუცილებლად ასე იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება მყარად იქნება იმ პოზიციებზე, რომლებიც შედის ქვეყნის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.