საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ელიზაბეტ მილარდმა ქართულ მხარეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.
საუბარი, ასევე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში არსებულ ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკას შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელიზაბეტ მილარდს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო.
მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.