ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის როლსა და ასამბლეის აშშ-ის კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის მნიშვნელობას საერთო მიზნების მიღწევის საქმეში. პოლ რაიანმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეებს მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
„დღეს გვქონდა შეხვედრა ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს სპიკერ რაიანთან. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე თითოეული ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებზე. ჩვენ გავაცანით ჩვენი თანამშრომლობის გამოცდილება – ვგულისხმობ რეგიონულ გამოცდილებას და ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, როგორც თითოეული ქვეყნის მიმართ, ასევე, ზოგადად, რეგიონის მიმართ.
ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გაგრძელდეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.