ირაკლი კობახიძე - აშშ-ის მხრიდან თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარებაა, არაერთი წელია, უმაღლესი დონის ვიზიტებიც არ შემდგარა
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის მხრიდან თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარებაა, არაერთი წელია, უმაღლესი დონის ვიზიტებიც არ შემდგარა

წლების მანძილზე აშშ-ის მხრიდან თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარებაა, არაერთი წელია, უმაღლესი დონის ვიზიტებიც არ შემდგარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს, ხომ არ ნიშნავს აშშ-ის ელჩთან შეხვედრამდე ჩინეთის ელჩთან შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით სახელმწიფოს პრიორიტეტების გადალაგებას.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე გამოიხატა ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური ურთიერთობის დამყარების სურვილი.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან.

„ორივე არის ზესახელმწიფო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ორივე მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ორმხრივია და პრიორიტეტებიც ამის მიხედვით განისაზღვრება. მისივე თქმით, საქართველო ჩინეთისგან დიდ ინტერესს ხედავს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატება.

„რა თქმა უნდა, აშშ-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. რაც შეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არამხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად.

რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული. მაგალითად, ძალიან გააქტიურებული გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართული, რაც მნიშვნელოვანია, რათა სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. ასევე იცით, რომ ჩინეთთან ხელმოწერილი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს, გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან. ჩინური მხარის გადაწყვეტილებით, კოვიდის შემდეგ ძალიან მალე აღდგა პირდაპირი ფრენები. ასევე, თქვენ ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ, ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რაც შეეხება აშშ-ს, დაახლოებით მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე არცერთ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან.

„რაც შეეხება აშშ-ს, წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გამოვლინება იმისა, თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები ქვეყნებს შორის, უკვე არაერთი წელია, არ შემდგარა, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება, მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც. მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით ალბათ უკვე მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე არცერთ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები.

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აშშ-თან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებზე. ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება პროცესები სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი. გვინდა როგორც აშშ-თან, ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.