ირაკლი კობახიძე - აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
ირაკლი კობახიძე - აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ

პარტია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ, არის გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური.

კობახიძის თქმით, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე – ევროსაბჭოში, გაერო-ში, ეუთო-ში.

მისივე განმარტებით, უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.

ამასთან, კიდევ ერთხელ გვსურს, გამოვეხმაუროთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური მრავალი მიზეზის გამო. კერძოდ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე – ევროსაბჭოში, გაერო-ში, ეუთო-ში. უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს. მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი.

თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არცერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვ. თუმცა, არც ეს გადაწყვეტილება გამხდარა შესაბამისი ქვეყნებიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის მიზეზი.

ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში.

„აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ. სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას“, – განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.