ირაკლი კობახიძე - არსებობს მეორე ტურის ალბათობა, მაგრამ მაღალია იმის ალბათობაც, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალბათობა არსებობს იმის, რომ შეიძლება მეორე ტური შედგეს, მაგრამ მაღალია ალბათობა იმისაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.
ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროცესზე ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე ისაუბრა, სადაც საკუთარი არჩევანი გააკეთა.
„ქართული ოცნება“ წინასწარ შედეგებზე, კვლევის შედეგებზე საუბრობდა, რომელიც აჩვენებს, რომ ძალიან მაღალი ალბათობაა იმის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე დასრულდეს, თუმცა, ასევე არის ალბათობა იმისა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტივობაზე. ასეთია დღევანდელი სურათი. ჩვენ არჩევნებში რეგულარულად ყოველ მეორე ხმას ვიღებთ. საპარლამენტო არჩევნებში 49 პროცენტი მივიღეთ, თვითმმართველობის არჩევნებში 54 პროცენტი, რაც დემოკრატიულ სისტემაში ნორმალურია, როცა მმართველი პარტია ყოველ მეორე ხმას იღებს ამომრჩევლისგან და ამ შემთხვევაშიც იგივეს ველოდებით. არსებობს ალბათობა იმისა, რომ შეიძლება მეორე ტური შედგეს, მაგრამ მაღალია ალბათობა იმის, რომ არჩევნები პირველი ტურში დასრულდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
სპიკერი მცირე ინციდენტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაიმე არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ასეთივე რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.