ირაკლი კობახიძე - არის კოორდინირებული მცდელობა, საქართველო იყოს პირდაპირ ჩართული სამხედრო კონფლიქტში
არის მცდელობა, საქართველო იყოს პირდაპირ ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რასაც რა თქმა უნდა, ვერ და არ დავუშვებთ, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვამბობ, იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ვერ ჩაერთვება.
„ერთი საათის წინ თქვენთან ვსაუბრობდი, რომ არის ერთგვარი კოორდინირებული მცდელობა, საქართველო იყოს ჩართული პირდაპირი ფორმით სამხედრო კონფლიქტში, აქ, საქართველოში. რბილად რომ ვთქვა, უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება არის ამ კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება. ამის იქით, აქ არაფერს ვიტყვი. პირველი გავიგეთ, რომ არის მცდელობა, საქართველო იყოს პირდაპირ ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ და არ დავუშვებთ, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვამბობ იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის. არ მინდა, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, თითქოს „ნაციონალებსა“ და ზელენსკის შორის არსებობს კოორდინაცია, ეს ასე არ არის. თუმცა, საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო შემჩნეული საქართველოში ღალატში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის. უკრაინასთან დაკავშირებით სანქციები არ დააწესეს მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა. არც ერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მიზეზია ერთადერთი – ინტერესი, რომ თურქეთი, მოლდოვა ან აზერბაიჯანი და ისრაელი ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. ეს არის მარტივი ახსნა. სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ იქიდან ელჩი არავის გაუწვევია.
ჩვენ, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ვერ ჩავერთვებით. პირდაპირი მცდელობა იყო, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩვენ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული, ამას მოჰყვა ელჩის გაწვევა და ეს სამწუხარო ნაბიჯი. უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ყველაფერს ვცემთ პატივს და ბუნებრივია, არასწორია, ამ ვითარებაში გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლება, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიუღებელი და გაუმართლებელი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გააკეთა ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ განმარტა, რომ ყველა ფორუმზე, სადაც პრინციპულად დადგა საკითხი უკრაინაზე, საქართველომ საკუთარი პოზიცია ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა.
„როცა ასეთ დროს ასეთი ნაბიჯი იდგმება, ეს არის იმის გამოხატულება, რომ საქართველოს ჩათრევა უნდათ ომში. დაგიკონკრეტეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი ზელენსკისა და „ნაცმოძრაობას“ შორის კოორდინაციაზე. ჩვენ არ ვართ ბრიყვები, რომ ასეთი სისულელე ვთქვათ. დავაკონკრეტე, რომ ამაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.