ირაკლი კობახიძე - არჩევნების გადადების ერთადერთი მექანიზმი არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს უკვე ანომალიაა
თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად უკვე ანომალიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების გადადების მიზნით დღეს გაშლილია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კამპანია, რაც საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარებაა და ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს.
„ეს არის შიშის გამოხატულება არჩევნების მიმართ, ჩვენ ასეთი კამპანია გვახსოვს გასულ წელსაც. ეს კამპანია მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამ შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ დაიწყო ნინო ლომჯარიამ და „სირცხვილიადან“ მიშა მშვილდაძემ გააგრძელა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშანდობლივია და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც კარს მომდგარია. 2020 წელს, ეს კამპანია ერთ დღეს დაიწყო და მაშინ, სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა გახსნა, დღესაც მან გახსნა, რაც ცუდი მოვლენაა. ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და საზოგადოებას აჩვენონ, რისი რესურსი აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია დასუსტებულია და ამას, პირველ რიგში, თავად გრძნობენ.
„ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აწყობს არჩევნების გადადება და სწორედ ამის შედეგია ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს. ეს არის სუფთა პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კამპანია და მას არავითარი საფუძველი არ აქვს. ჩვენ მათ ვურჩევთ, რომ მარცხს შეეგუონ და მოემზადონ არჩევნებისთვის, რომელიც მათ, სავარაუდოდ, გარკვეულ მუნიციპალიტეტში მანდატს მოუტანს“, – დასძინა კობახიძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.
ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.
„რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.