ირაკლი კობახიძე - არც ერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდათ არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადათ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, არც ერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდათ არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ბრალდებების გამო ბოდიში მოეხადათ.
„ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა ხუთი ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები: გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი); გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა; გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება; გაუყალბეს არჩევნების გაყალბება. ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერც ერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არც ერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდათ არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც ჟვანია აღნიშნავს, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.