ირაკლი კობახიძე - არავის მივცემთ საშუალებას, არათუ რაიმე გადატრიალებაზე ისაუბრონ, არამედ ქულები დაიწერონ ამ ტრაგედიაზე, ბინძური ადამიანები ქულებს ვერ დაიწერენ ვერავითარ ტრაგედიაზე
დარწმუნებული ვარ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ამის გარანტი არის ჩვენი გუნდი, რომელმაც დაამარცხა უსამართლო რეჟიმი და დაამკვიდრა სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი 2012 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის როს განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს კონკრეტულ კითხვებს.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის გამოსვლები კომისიასთან დაკავშირებით, ჯერ ბიუროს სხდომაზე, როგორც „ევროპული საქართველოს“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აუცილებელი იყო კომისიის შექმნა. ვხედავთ განსხვავებულ რიტორიკას, მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კომისიასთან დაკავშირებით, ახალ პოზიციას წინ უსწრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას რადიკალიზმისკენ. გვარამიამ ერთგვარი უნდობლობა გამოუცხადა საპარლამენტო კომისიას, რომელიც ჯერ არც არის შექმნილი. ამას მოჰყვა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ განცხადებები. ისინი თავად იყვნენ ინიციატორები ამ საკითხის, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ უკვე გაუგებრია, რისთვის იქმნება მათ გადმოსახედიდან ეს კონკრეტული კომისია. კომისია იქმნება იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს კონკრეტულ კითხვებს და ჩვენ ძალიან უცნაური მსჯელობა გვესმის, მსჯელობა, რომლის მიხედვითაც დამნაშავეა პროკურატურა და მართალია სასამართლო”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები დღეს აპრიორი ნდობას უცხადებენ მოსამართლეს, რომელმაც განაჩენი გამოიტანა ამ საკითხზე და უნდობლობას უცხადებენ პროკურატურას, რის უკანაც კონკრეტული პოლიტიკური ნიშნები იკვეთება.
„ჩვენი ამოცანაა, ამ საქმესთან დაკავშირებით გაირკვეს ჭეშმარიტება და არა პოლიტიკური სპეკულაციები რისი ნიშნებიც ასე ნათლად გამოიკვეთა დღევანდელ გამოსვლაში. ასევე მინდა აღვნიშნო შემდეგი, რომ პოლიტიკური ინტერესი ამ პროცესების უკან აშკარად ჩანს. ვინ არის ამ პროცესების ლიდერი, ეს იკვეთება. უკვე ვახსენე მე ნიკა გვარამია. დღეს წავიკითხეთ მისი განცხადება დღევანდელ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მან უნდობლობა გამოუცხადა კომისიას, რასაც მოჰყვა რომა გოცირიძის განცხადება. ნიკა გვარამია მოუწოდებს ხალხს ერთგვარი აჯანყებისკენ, ეს არის ნიკა გვარამიას დღევანდელი პოზიცია, შესაბამისად „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი პოზიცია”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია, არის ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ფუთავდა შვიდი ნოემბრის საქმეს და კონკრეტულად ფუთავდა გირგვლიანის მკვლელობას მათი ხელისუფლებისათვის.
„ეს არის უბინძურესი ადამიანი, „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი უბინძურესი ლიდერი, ის არის პირდაპირ პასუხისმგებელი „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ სისხლიან დანაშაულებზე. დღეს „რუსთავი 2“ პირდაპირ ჩანს, როგორც „ნაცმოძრაობის“ პიარმანქანა. ქალბატონი ნანა ჟორჟოლიანი იყო ერთ-ერთ სახე, რომელიც იყო წარმოდგენილი „ნაცმოძრაობის“ სახელით აქციებზე, ისინი პოლიტიკურად ერთვებიან პროცესში და პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესის ნიშანი, პოლიტიკური სპეკულაციის ნიშანი. ეს რომ არ იყოს დაღუპული ბავშვების საქმე, სისხლის სამართლის საქმით სპეკულირება კიდევ შეიძლება რაღაც ჩარჩოებში ჩაგვესვა. როდესაც ნიკა გვარამია, ნანა ჟორჟოლიანი, მიხეილ სააკაშვილი, ეს უბინძურესი ადამიანი, ბავშვებისა და მათი მშობლების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ეს არის ნამდვილად აღმაშფოთებელი. კიდევ ერთი – ზვიად კუპრავა, რომელიც არის მთავარი მედროშე ამ პროცესების, ზონდერი, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, რომელიც იყო შემოქმედი ერთ-ერთი იმ დანაშაულების, რომელიც იყო ჩადენილი მაშინდელი ხელისუფლების მიერ. ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულირება არის ნამდვილად მიუღებელი. არავის მივცემთ საშუალებას, რომ არათუ რაიმე გადატრიალებაზე ისაუბრონ, არამედ რაიმე ქულები დაიწერონ ამ ტრაგედიაზე. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი, ეს ბინძური ადამიანები ქულებს ვერ დაიწერენ ვერავითარ ტრაგედიაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება კონკრეტულ საქმეზე არავითარი სუბიექტური ინტერესი ხელისუფლებას ამ საქმესთან მიმართებით არ აქვს.
„ერთადერთი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ გაირკვეს თითოეული დეტალი ამ საქმის და გაირკვეს ის, თუ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რა, როგორ მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ამის გარანტი არის ჩვენი გუნდი, რომელმაც დაამარცხა უსამართლო რეჟიმი და დაამკვიდრა სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი 2012 წლიდან, ჩვენ ამ მონაპოვარს განსაკუთრებულად და ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით. არავის მივცემთ საშუალებას, რომ შეეხონ იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში. უსამართლობა და სიბინძურე ჩვენ 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს”, – განაცხადა კობახიძემ.