ირაკლი კობახიძე - არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ ქმედებებით ვადასტურებთ ჩვენს თანადგომას უკრაინის მიმართ
ირაკლი კობახიძე - არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ ქმედებებით ვადასტურებთ ჩვენს თანადგომას უკრაინის მიმართ

ყველა მიმართულებით, როცა საქმე ეხებოდა პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ვიდექით და ვდგავართ უკრაინის გვერდით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არასწორი ნაბიჯების მიუხედავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო განცხადებაა საჭირო, თუ ვის გვერდით დგანან: „ევროკავშირთან და უკრაინასთან, თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან“.

კობახიძის განცხადებით, მსგავსი კითხვის დასმა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

„როცა სახელმწიფო უერთდება გაერო-ს ძალიან ხისტ რეზოლუციას, როგორც თანასპონსორი, ასევე მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის თაობაზე და ყველა დოკუმენტს ეუთო-ში, ასევე უერთდება სისხლის სამართლის საჩივარს ჰააგის სასამართლოში და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ქვეყანა სრულად ხელგაშლილია, ასეთ დროს ასეთი კითხვის დასმა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ ქმედებებით ვადასტურებთ ჩვენს თანადგომას უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.