ირაკლი კობახიძე - არ ვიცი, წამოცდენა იყო, თუ რა, მაგრამ სააკაშვილს თურმე დავით გარეჯთან დაკავშირებით 70-80 მილიონი აქვს აღებული
ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში, ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის, მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის გუშინდელ განცხადებას.
მისივე თქმით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და თემა მგრძნობიარეა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკითხის პოლიტიზება არ შეიძლება.
„ბუნებრივია, არ შეიძლება ამ საკითხის მეტი პოლიტიზირება, მით უმეტეს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე. მაგრამ ამ ფონზე, თქვენ ნახეთ, რომ გუშინ თვითონ მათ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა, თავად სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება. სააკაშვილმა მათ შორის, ეს წამოცდენა იყო, თუ რა იყო, რომ 70-80 მილიონი აქვს თურმე აღებული ამ საქმეში. არ ვიცი, ბუნებრივია, ამან დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება, მართლა რამე ძალიან მძიმე იყოს. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას. ამ საკითხის პოლიტიზება არ არის სწორი, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რაც შეიძლება მალე გაასაჯაროვონ ამ საქმის დეტალები.
რაც შეეხება დემარკაცია-დელიმიტაციას, ეს არის გაკეთებული საზღვრის არაერთ მონაკვეთზე. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, რაზე არის საუბარი. შესაძლოა, საუბარია საზღვრის კონკრეტული მონაკვეთების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, რაშიც შეიძლება იკვეთებოდეს კანონდარღვევის ნიშნები, მათ შორის მძიმე კანონდარღვევის ნიშნები. თუმცა მე ამაზე ინფორმაცია არ მაწვს, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან, თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების. შემდეგ, ისინი აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს – 70 მილიონი, თუ 80, რაც დაიბადება „ეფესბეს“ პროპაგანდისტებისა და ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულად საწინააღმდეგო“.
საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.