ირაკლი კობახიძე - არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში აშშ-ის ელჩთან, თუმცა ასეთი განცხადებები დასანანია, არ შეიძლება, პარალელური დათვლის გაყალბებას ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება
არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში ქალბატონ ელჩთან, თუმცა ვიტყვი, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით PVT-ის (ხმების პარალელურ დათვლა) გაყალბების საკითხზე. არ შეიძლება, ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც იყო PVT-ის გაყალბება, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ISFED-ს თვენახევარი დასჭირდა ხმების პარალელური დათვლის გაყალბების აღიარებისთვის.
„ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED-ი, მანამდე არ აღიარებდა იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი. ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი სახით და ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით, საუბარი იყო ზღვარის გადალახვაზე, იმ ზღავრისა, რომელიც იყო დასაშვები ფარგლები PVT-ის ცდომილების კუთხით. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება, უწოდო სანდო. ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ასეთი განცხადებები არის დასანანი, როცა ხდება PVT-ის გაყალბება, რაც გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საბოტაჟისთვის, რევოლუციური სცენარისთვის. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ბუნებრივია, ასეთ დროს ასეთი განცხადებების კეთება არის ყოვლად დაუშვებელი. გაყალბებისთვის ხელის დაფარება არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო.
„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც გააკეთა ქალბატობმა ელჩმა, თითქოს სამართლიანად არ იყო შეფასებული ეს არჩევნები. შეგახსენებთ, როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. რაც შეეხება სიტყვა სამართლიანს ეს ტერმინოლოგია არის ამოღებული ზოგადად, როგორც ეუთო/ოდირის ასევე სხვა საერთაშორისო მისიების პრაქტიკიდან, მაგრამ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი. რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებზეც იყო საუბარი ამ ანგარიშებში. შეგახსნებთ, რომ ეუთო/ოდირის შესაბამის ჩანაწერებშიც იყო მითითებები იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებმაც გააყალბეს PVT, კარუსელი არსად არ იყო ნახსენები. ეს იყო სამწუხაროდ მორიგი მცდარი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. არ ვიცი, ვინ შეიყვანა ელჩი დღეს შეცდომაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული რევოლუციური სცენარით. რატომ იყვნენ დაინტერესებული, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ორიოდე თვის წინ, როდესაც ISFED-ი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პირდაპირ აღმოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის სცენაზე. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. გაყალბდა PVT, გაყალბდა მონაცემები არჩევნების გაყალბების შესახებ და ა.შ. რაც ემსახურებოდა თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ამას ხელის დაფარება არ სჭირდება, ამას სჭირდება აღიარება. აღიარება არის საუკეთესო გზა, რომ ISFED-მა და მსგავსმა ორგანიზაციებმა მინიმალურ დონეზე მაინც გამოისწორონ საკუთარი რეპუტაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ISFED-მა როგორც კი დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, დაუყოვნებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა“.
ელჩმა დღეს ასევე განაცხადა: „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2020 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევებზე“.