კელი დეგნანი - ISFED-მა როგორც კი დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, დაუყოვნებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა
კელი დეგნანი - ISFED-მა როგორც კი დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, დაუყოვნებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა

როგორც კი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაუყოვნებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აშშ-ის საელჩოს ნდობით სარგებლობს.

„​აშშ-ს სრული ნდობა აქვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მონაწილეობდა გასულ ზაფხულს საარჩევნო რეფორმის ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამჟამინდელი სპიკერი, რომლის შედეგადაც მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კანონი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2020 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევებზე. ნათელია, რომ მათ როლი არ მიუძღვით ამ დარღვევებში. საზოგადოებამ დაკარგა ნდობა შედეგების მიმართ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ გამჭვირვალე იყო იმ შეცდომასთან მიმართებით, რომელიც მოხდა.

„რეალურად, როგორც კი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაუყოვნებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა. სწორად ამიტომ გვაქვს სრული ნდობა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, როგორც პროფესიონალური საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. ისინი იყვნენ გამჭვირვალე იმ შეცდომის მიმართ, რომელიც მოხდა, როგორც კი შეძლეს მისი დადასტურება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოებები, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება მონიტორინგსა და არჩევნების ჩატარებაში, შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში. სწორედ ამისკენ მოუწოდებს ევროკომისია, ინკლუზიური პროცესისკენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს შანსი, წვლილი შეიტანოს საქართველოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ რეალობის არასწორად წარმოჩენაა, რომ იყო მიზანმიმართული ან რევოლუციური სქემა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ყველას შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე ფაქტს ან მტკიცებულებას ამ მოსაზრებისა. ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც კი შეცდომა დადასტურებულ და იდენტიფიცირებულ იქნა, საზოგადოება ინფორმირებულ იქნა საჯაროდ და ხალხს მიეცა შესაძლებლობა, გაეგო რა მოხდა. ეს იყო სტატისტიკურად უმნიშვნელო ფაქტორი და ამის შესახებაც მკაფიოდ იქნა ნათქვამი. ვფიქრობ, ეს არის რეალობის არასწორად წარმოჩინება, როდესაც ცხადდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული ან იყო რაღაც რევოლუციური სქემა. ყველა პირმა, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში ამ არჩევნებთან დაკავშირებით, იცოდნენ, რომ ყველა ძალისხმევა მიმართული იყო ძალიან დაძაბული ვითარების დეესკალაციისკენ და შეერთებული შტატების მიზანი იყო, დახმარებოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ საპარლამენტო არჩევნებში, რათა მათ ემუშავათ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართველებისთვის. ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი, რასაც ვაკეთებდით ექვსი თვის განმავლობაში და მათ, ვინც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში, ძალიან კარგად იციან ეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.