ირაკლი კობახიძე - არ გამოვრიცხავ, ნინო ლომჯარიამ შეცვალოს საკუთარი პირველი მოადგილე, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად
ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესებში ისეა ჩართული, არ გამოვრიცხავ, ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას და ჩაანაცვლოს თავისი პირველი მოადგილე, რათა კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, კობახიძეს ჰკითხეს: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ლომჯარია აპირებს, პირველ მოადგილედ დანიშნოს გიორგი ბურჯანაძე. თუ სახალხო დამცველობის კანდიდატებს პარლამენტში მხარდაჭერა არ ექნებათ, ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. არსებობს თუ არა ამის ალბათობა?“.
როგორც კობახიძე ამბობს, ასეთი რამ თუ მოხდება, მძიმე მოვლენა იქნება, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.
„ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა ის არის, რომ პარლამენტი ვერ მოახერხებს სახალხო დამცველის არჩევას, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ დატოვებენ ბურჯანაძეს სახალხო დამცველად, ეს იქნება მძიმე მოვლენა, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.