ირაკლი კობახიძე - ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსეთს, ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს და ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში.
კობახიძის თქმით, საქართველოს განადგურების ხარჯზე ამას არ გააკეთებენ.
„ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც ადასტურებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ასევე უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80 პროცენტი, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80 პროცენტი. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ბოლო ორი კვირის მოცემულობაა, რომ დასახლებულ პუნქტებს იღებს რუსეთი. ამიტომ ვამბობთ, რომ ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ობიექტური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ. დავარქვათ გლობალური ომის პარტია, ვიცით ჩვენ, ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე თავის სახელს არ დავარქმევთ. სწორედ იმიტომ ვამბობთ გლობალური ომის პარტიას, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „ექსპერტები აბობენ, რომ მეორე ფრონტის გახსნის არანაირი შესაძლებლობა ახლა არ არსებობს“, – კობახიძის თქმით, არსებობს რესურსი, რომ რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე.
„გუშინწინ ამბობდნენ, რომ სოხუმში და ცხინვალში უნდა შევსულიყავით. რა სისულელეა საერთოდ, სრული აბსურდია. არსებობს კონკრეტული ინტერესი მეორე ფრონტის გახსნის, რათა რუსეთს დუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა და, ბუნებრივია, ამას გამოიწვევს. ჩვენ გვყავს 25 000 კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს 100-მდე ტანკი, მოიერიშე ორი თვითმფრინავი და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე. ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინტერესი, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ. ამიტომ ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.