ირაკლი კობახიძე - ამ არჩევნებში არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას ესაუბრებოდა, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისი თქმით, არჩევნებში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას ესაუბრებოდა იმაზე, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება.
„თქვენ როგორც იცით, არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას ამ ორი თვის განმავლობაში ერთადერთი ესაუბრებოდა იმაზე, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, დედაქალაქის განვითარება, როგორ წარმოუდგენია მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ პოლიტიკურ ძალას და ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღემ ჩაიაროს მშვიდად, ისეთ გარემოში, როგორც სჭირდება ქართველ ამომრჩეველს.
„ქართველმა ამომრჩეველმა მშვიდ გარემოში უნდა გააკეთოს არჩევანი და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, ამის საშუალება მისცეს ამომრჩეველს. პროვოკაციებს ველოდეიბთ, თუმცა ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ყველა, რომ არავითარი ფორმით არ დაუპირისდპირდნენ უხეშად არც ერთ პროვოკაციას. ჩვენ გვჭირდება მოთმინება და მშვიდი გარემო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა ირკალი კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.