საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), გახსნილია 3 664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილია ცხრა და მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 70 სპეციალური ე.წ. კოვიდუბანი, სადაც იზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შეეძლებათ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში საქართველოს 3 497 345 მოქალაქეა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 64 მუნიციპალიტეტში ჯამში მერობის 239 კანდიდატია რეგისტრირებული. ხუთ თვითმმართველ ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – მერობისთვის 40 კანდიდატი იბრძვის, აქედან მხოლოდ დედაქალაქში – 16, დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – 24, თვითმმართველ თემებში კი, 199 მერობის კანდიდატია რეგისტრირებული.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოებს, საკრებულოებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში მოსახვედრად, სხვადასხვა პარტიისა თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული 2 771 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებში 43 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.