ირაკლი კობახიძე - ადეიშვილმა მაია კოპალეიშვილი ჯერ პროფესორად დანიშნა, შემდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ და ვერ გამოსულა ამ ხიბლიდან, თამარ ჩუგოშვილი კი პოლიტიკურად მიკერძოებულია
ირაკლი კობახიძე - ადეიშვილმა მაია კოპალეიშვილი ჯერ პროფესორად დანიშნა, შემდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ და ვერ გამოსულა ამ ხიბლიდან, თამარ ჩუგოშვილი კი პოლიტიკურად მიკერძოებულია

მაია კოპალეიშვილმა ორჯერ რომ გამაწყვეტინა სიტყვა, მაშინ შევახსენე მისი უმძიმესი წარსული, ეს არ იყო სამართლებრივ ჩარჩოებში, მე მომიწია მისთვის დესტრუქციის მიზეზის შეხსენება. ის იყო ადეიშვილის მოადგილე, გვარამიას მოადგილე და იყო კლანის წევრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს, პრეზიდენტის წარმომადგენელ მაია კოპალეიშვილთან საკონსტიტუციო სასამართლოში შეკამათება იყო თუ არა სამართლებრივ ჩარჩოში.

„ორჯერ ვსვამდი კითხვას. რეპლიკა სხვა რამეა. კითხვას რომ სვამ, ხომ უნდა დაგასრულებინონ. მე ვინმეს არ დავასრულებინე საუბარი? თუ არ უნდათ პასუხის გაცემა, თქვან, რომ არ მინდა პასუხის გაცემა, პასუხი თუ აქვთ, უნდა გასცენ პასუხი. საუბარია კითხვის დასმაზე, მე აზრს ხომ არ გამოვთქვამდი. როდესაც გაურბიხარ შეკითხვის დასმას, ეს ხომ მიანიშნებს, რომ მათი სამართლებრივი პოზიციები უკიდურესად სუსტია. ცალკეა პოლიტიკური მიკერძოება, კომპეტენცია, ბევრი პრობლემის „ბუკეტია“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მაია კოპალეიშვილი ადეიშვილმა ჯერ თსუ-ში პროფესორად დანიშნა და შემდეგ – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო თამარ ჩუგოშვილი პოლიტიკურად მიკერძოებულია. ამასთან, კობახიძის განცხადებით, არცერთი მათგანი არ არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი.

„კოპალეიშვილი დღემდე ვერ გამოსულა ამ ხიბლიდან, ეს არის სერიოზული პრობლემა. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული. აქ მეტის საუბარი არ მინდა, გამომდინარე იმ ურთიერთობიდან, რომელიც წლების განმავლობაში მაკავშირებდა ჩუგოშვილთან, მაგრამ პრობლემები აქაც ძალიან სერიოზულია.

მაშინ კლანს განეკუთვნებოდა ოთხი მოსამართლე. გიორგი პაპუაშვილი შეგნებულად ერთსა და იმავე კოლეგიას აწერდა პოლიტიკურად სენსიტიურ ყველა საქმეს. წინასწარ იცოდა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და ერთ-ერთი მოსამართლე ამ კოლეგიაში იყო მაია კოპალეიშვილი.

რაც შეეხება კომპეტენციას, არცერთი მათგანი არ არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, რეალურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები. რატომ არ გამოაგზავნა ისინი პრეზიდენტმა და გამოაგზავნა ეს ორი კონკრეტული პირი, რადგან მას უნდოდა არა სამართლებრივი დისკუსია, როგორც ჩანს, არამედ პოლიტიკური დისკუსიის გამართვა. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს დისკუსია მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. იმედია, სასამართლოს თავმჯდომარე და წევრებიც უზრუნველყოფენ სასამართლო პროცესის სათანადო წარმართვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს მიმართა: „ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით“.

საპასუხოდ, მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს განუცხადა: „წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ. მერე რა, მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი ადეიშვილის და გვარამიას მოადგილე“.