ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს მიმართა - ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით
ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს მიმართა - ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით

ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს.

საპასუხოდ, მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, საკუთარი წარსულისთვის მიეხედა.

„წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ. მერე რა, მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი მოადგილე. სხვათა შორის, თქვენ იყავით, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ საქართველოში. თქვენ რაც უნდა თქვათ, ვერანაირად ვერ იმოქმედებთ ჩემზე“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.

„რომ ამაყობთ, ეგაა თქვენი პრობლემა“, – უპასუხა პრეზიდენტის წარმომადგენელს ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტი ყოფილიყო სასამართლოში, რადგან რეალურად პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს და მისი წარმომადგენლები სხვა რამეს ამბობენ“. ამის შემდეგ მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ არასწორი იყო, რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებდა და სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა, იყო თუ არა ეს გაპროტესტების საფუძველი. ირაკლი კობახიძემ კი მაია კოპალეიშვილს მიმართა, სიტყვა არ შეეწყვეტინებია.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.