ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის გადასაწყვეტია, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის გადასაწყვეტია, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის გადასაწყვეტია, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა.

როგორც კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, ოპოზიცია შანტაჟს ეწევა, თუმცა კონსტიტუციაში ამის საწინააღმდეგო მექანიზმია ჩადებული.

წამყვანის კითხვაზე, გაძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში ოთხ წელს, კობახიძემ უპასუხა, რომ „ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში“.

მისივე თქმით, პარლამენტს შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოდან გასვლას.

„ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის, ერთგვარი შანტაჟის ფორმაა. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება, ოპოზიციამ წააგოს არჩევნები, თქვას, რომ არ შევდივარ, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუცია შეიცავს. კონსტიტუცია ჭკვიანი ხალხის მიერ არის დაწერილი. პარლამენტის ხელშია, ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს. შესაბამისად, მარტივად შეიძლება ის გააკეთოს, რომ მოლაპარაკების სივრცე შემდეგი ოთხი წლითაც გახსნას, ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი შანტაჟის წინააღმდეგ. პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს. თავდაპირველად, ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა, ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს დეპუტატს. ამ 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ადასტურებს 76 დეპუტატი. ამის შემდეგ თითოეულ მათგანს შეუძლია, განცხადება დაწეროს პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, მათ დაატოვებინებს თუ არა პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო. პარლამენტს შეუძლია, კენჭი არ უყაროს მათი პარლამენტიდან გასვლას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის 39-ე მუხლი პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას განსაზღვრავს და იმ ნორმებს ადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება, დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზია დეპუტატის პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა 76 ხმით უნდა მიიღოს.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კი შესაძლოა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

პროცედურის გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეათე მოწვევის პარლამენტს 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის უნდა მიმართოს, პარლამენტი კი ვალდებულია, 76 ხმით მათი უფლებამოსილება ცნოს. ამის შემდეგ კი დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადებით პარლამენტს თავად უნდა მიმართონ.