ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უამრავი სპეკულაციაა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უამრავი სპეკულაციაა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უამრავი სპეკულაციაა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე ვაკის 53-ე საარჩევნო უბანზე ისაუბრა, სადაც საკუთარი არჩევანი გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე მედიასაშუალებებსა და ოპონენტებს მოუწოდებს, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინონ და აგრესიულ ფონს ხელოვნურად ნუ შექმნიან.

„მინდა, ჩვენს კოორდინატორებს მობილიზაციისთვის მადლობა გადავუხადო. ეს მათი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უფლება აქვს, ოფიციალური სიები აიღოს, მათ შორის, ფოტოსურათები საარჩევნო კომისიიდან. პირად ნომრებზე არ ვსაუბრობ. არის სიები, რომელიც ყველა პოლიტიურ სუბიექტს აქვს. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ს, აგრესიულ ფონს ხელოვნურად ნუ ქმნიან. ამ არჩევნებში აგრესიული ფონი არ არის. ნუ შეეცდებით, ასეთი ფონი ხელოვნურად შექმნათ. ამომრჩეველს იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ ხმა მშვიდ გარემოში მისცეს. ეს თქვენი პასუხისმგებლობაცაა. უამრავი სპეკულაციაა, რომლითაც აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება. ყველას მოგიწოდებთ, რომ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინოთ, მათ შორის, ეს არის კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაც“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ცნობით, დარღვევების ინდივიდუალური შემთხვევები იკვეთება, რომელიც მთლიანობაში საერთო სურათს არ ცვლის.

„ინდივიდვალური შემთხვევები ნეგატიურ ფონს ვერ ქმნის. მთლიანობაში არჩევნები ჯანსაღ, თანასწორ და სამართლიან გარემოში წარიმართება, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა და მუშაობა მთელი დღის განმავლობაში ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.