ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად უნდა დაიხვეწოს
მნიშვნელოვანია, შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტატისტიკური კუთხით, მოქმედი პრეზიდენტის სტატისტიკა გარკვეულწილად დაუახლოვდა ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს. ამასთან, მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სტატისტიკა შეწყალების კუთხით დასავლურ და ევროპულ სტანდარტებს აბსოლუტურად აცდენილი იყო.
„მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს. გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს ჩვენს სტატისტიკას რომ გადავხედოთ. სტატისტიკური კუთხით, გარკვეულწილად დაუახლოვდა მოქმედი პრეზიდენტის სტატისტიკა ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს. ჩვენ მუდმივად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად აცდენილი იყო წინა პრეზიდენტის სტატისტიკა შეწყალების კუთხით დასავლურ, ევროპულ სტანდარტებს. აქ გვაქვს გარკვეული დაახლოება, თუმცა ზოგადად, დამატებით საჭიროა, დაიხვეწოს შეწყალების პრაქტიკა. გაგვიჭირდება რაიმე მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა რეგულაციებზეც შეიძლება ფიქრი. მთავარია, პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს.
თუ არ ვცდები, ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა შეწყალებასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უფლებამოსილების ჩარჩოებში მოქცევაა საჭირო. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია, რომ სწორი ჩარჩო განისაზღვროს ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოიხსნება ყველანაირი კითხვები და სპეკულაციების საფუძველი შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით. საჭიროა მუშაობა, რათა სწორად ჩამოყალიბდეს შეწყალების სტანდარტი პრინციპების შესაბამისად, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.