ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, უკვე მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს გარანტირებულად ჩატარდება სრულად პროპორციული არჩევნები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.
როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ სულ მცირე 2023 წლამდე გადაიწიოს.
„მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვჩქარობთ არსად. დღეს მოქმედებს საქართველოში უკვე ახალი კონსტიტუციური წესრიგი, რომლის მიხედვითაც, პირველად ამ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, 2024 წელს საქართველოში გარანტირებულად ჩატარდება სრულად პროპორციული არჩევნები თავისი 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. 5%-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე პირადად, ყველაზე მეტად 5%-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ, ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად. დღეს ამაზე საუბარი რთულია, ჯერ კიდევ სამი წელია დარჩენილი თითქმის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ დრო არის საჭირო იმისთვის, რომ სურათი გამოიკვეთოს“, – განაცხადა კობახიძემ და შეკითხვაზე, „რამდენად შეიძლება, რომ საკითხის განხილვამ, მაგალითად, 2023 წლამდე გადაიწიოს“, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ 5%-იანი ბარიერი მოგვწონს, რაც შეეხება 2024 წელს 5% იქნება უკეთესი, თუ 2%, ამას გვიჩვენებს ოპოზიციის მოქმედებები. თუ ჩვენ დავინახავთ ოპოზიციისგან, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენი მოტივაცია შევამციროთ ბარიერი, არსებითად გაიზრდება. არასტაბილურობის კუთხით არის რისკიანი დაბალი ბარიერი – ჩვენ გვჭირდება პოლარიზაციის შემცირება იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ დაბალ ბარიერთან დაკავშირებული რისკი“, – განაცხადა კობახიძემ.