ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზად არის, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის საკითხზე ირმა ინაშვილს შეხვდეს
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზად არის, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის საკითხზე ირმა ინაშვილს შეხვდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზად არის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს შეხვდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ირმა ინაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობას სააკაშვილ-ბოკერიას შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრა სთხოვა.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა ირმა ინაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვიცე-სპიკერებთან თათბირსა და შეხვედრას არ მართავს.

მისი თქმით, სპიკერატთან კონსულტაციები ბიუროს ფორმატში იმართება.

„ქალბატონო ირმა, რაც შეეხება ფორმატს, ფორმატი რეგლამენტით განსაზღვრულია. ეს ბიუროს ფორმატია, სადაც კონსულტაციები სპიკერატის, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების მონაწილეობით წარიმართება. შესაბამისად, საშუალება გვაქვს, კოორდინაცია და კომუნიკაცია იმ ფორმატში გვქონდეს. რაც შეეხება შეხვედრას, შეხვედრისთვის მზად ვარ. ეს შემიძლია მოგახსენოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატმა ირმა ინაშვილი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას მხარი დაუჭირონ, რომელიც მისი თქმით, ითვალისწინებს „2004-2012 წლების სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ მმართველობისა და რეჟიმისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემას“.