ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა.

კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა.

„პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განვიხილეთ ძირითადი პრინციპები. პრინციპების დონეზე შევთანხმდით და ამის საფუძველზე პრემიერი წარმოგვიდგენს თავის გეგმას მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე კონსულტაციებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან სამი დღის განმავლობაში მართავდა. ბოლო შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში გუშინ, გვიან ღამით გაიმართა.