ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზება კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორების მცდელობა კი არა, გადაწყვეტილება იყო
ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორების მცდელობა კი არა, გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ეკა ბესელიას განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ზაფხულში მას ვიცე-სპიკერის თანამდებობა იურიდიული კომიტეტიდან ჩამოსაშორებლად შესთავაზეს.
როგორც კობახიძე ამბობს, ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, ეს ასეც იყო. იყო სწორედ ამ საფუძვლით გაკეთებული ეს შეთავაზება, რომელიც უკავშირდებოდა ვიცე-სპიკერის პოზიციის დაკავებას. თუმცა, ბუნებრივია, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მცდელობა კი არ იყო, იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი, ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ ვერიდებით ამაზე საუბარს. ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვუფრთხილდებით გუნდურობას და ამ პრინციპით ვმოქმედებთ“,- განაცხადა კობახიძემ.