ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა გეგიძის ინიციატივა მთავრობასა და მერიასთან შეჯერებული არ არის
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა გეგიძის ინიციატივა მთავრობასა და მერიასთან შეჯერებული არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” ინიციატივა სპორტული, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების დაცვის შესახებ არ არის შეჯერებული მთავრობასა და მერიასთან.

„ჩვენ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში საუბარი და არ არის პოზიციები შეჯერებული. არის წინააღმდეგობა სხვადასხვა მხარეს, არის წინააღმდეგობები კონკრეტულ ნორმებთან დაკავშირებით, რომლებიც არის ასახული ამ კანონპროექტებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ პოზიციები შეჯერებულიყო.

„დეტალებში ვერ შევალთ, თუ რატომ აქვთ კოლეგებს, მათ შორის, მერიის ხელმძღვანელობას, მთავრობაში ხელმძღვანელ პირებს ობიექტური შენიშვნები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. შეგვიძლია, დავაყენოთ საკითხი კენჭისყრაზე, თუმცა კოლეგებს შემიძლია, გავუმეორე, რომ მთავრობაში, მერიაში არ არის შეჯერებული პოზიცია, არგუმენტები არის ობიექტური”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ დღეს პარლამენტს მოუწოდა, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

მისივე თქმით, ფრაქციას აქვს ინიციატივა, რომელიც სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოაქცევს.