ბიძინა გეგიძე დეპუტატებს მიმართავს, სპორტული, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების დაცვის კანონპროექტს მხარი დაუჭირონ 
ბიძინა გეგიძე დეპუტატებს მიმართავს, სპორტული, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების დაცვის კანონპროექტს მხარი დაუჭირონ 

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე პარლამენტს მოუწოდებს, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

როგორც ბიძინა გეგიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ფრაქციას აქვს ინიციატივა, რომელიც სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოაქცევს.

„კიდევ რამდენი რეკრეაციულ სივრცეებში უნდა აშენდეს 40 სართულიანი კორპუსები, სხვადასხვა კომპანიების მიერ, იმისთვის, რომ კოლეგებმა მეორე მოსმენით კენჭისყრაზე დააყენონ საკითხი სპორტული, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების დაცვის შესახებ. ერთ სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს ეს საკითხი. ახალა გაიყიდა მზიურში რაგბის მოედანი, ხვალ გაიყიდება ვაკის პარკში რაღაც ტერიტორია. მოგმართავთ თხოვნით, უკვე ექვსი თვეა, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და კენჭისყრაზე არ დგება, სხვადასხვა მიზეზთა გამო”, – განაცხადა გეგიძემ.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ რაგბის კავშირმა მზიურის ტერიტორიაზე მათთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი გაასხვისა.

„ეს მიწა თავის დროზე, როდესაც მე ვიყავი რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ქალაქის მერიამ გადასცა რაგბის კავშირს, რათა იქ გაკეთებულიყო მოედანი. მაშინ რაგბის კავშირს არ ჰქონდა სახელმწიფოდან არანაირი დაფინანსება, თუმცა არც ერთი წუთით არ დამდგარა საკითხი, რომ მიწა გაყიდულიყო და ის თანხა მოხმარებოდა რაგბის განვითარებას. მიწაზე, რომელიც გამოიყო რაგბის მოედნისთვის, უნდა აშენდეს რაგბის მოედანი”, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მისივე თქმით, ფრაქციის ინიციატივა დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი რომ ყოფილიყო, რაგბის კავშირი მიწის გაყიდვას ვერ შეძლებდა.

„კოლეგებს მივმართავ, მხარი დაუჭირონ ჩვენი ფრაქციის ინიციატივას, რომელიც დაიცავს ასეთი გარიგებებისგან როგორც სპორტულ სივრცეებს, ასევე რეკრეაციულ სივრცეებს და აქ ე.წ. არგუმენტები ვერ გადაფარავს სინამდვილეს”, – განაცხადა გეგიძემ.

დატოვე კომენტარი